“თქვენ ხართ გმირები, დგახართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე “- ტიკარაძე საწრაფო დახმარების ექიმებს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფო დახმარების ექიმებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა მათ გმირები უწოდა და მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი ბრძოლისთვის, რადგან სწორედ ექიმები დგანან, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სადარაჯოზე.

„გამორიცხულია, ვერ დავინახოთ, არ დავაფასოთ და თითოეულ თქვენგანს მადლობა არ გადაგიხადოთ თქვენი დამსახურებისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს არ არის დარბაზში და ვერ გვერთვება ეკრანიდან დისტანციურად – ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანს და ყველა მძღოლს, რომელიც პირველივე დღიდან ჩაერთო ინფექციასთან ბრძოლაში და შესაბამისად დაგვეხმარა განგვეხორციელებინა ეს წარმატებული ღონისძიებები. თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც არ შეუშინდით არც ერთ გამოწვევას, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში არათუ საქართველომ, მსოფლიომაც კი არ იცოდა, რა საფრთხის შემცველი იყო კოვიდინფექცია და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული ქვეყნის სადარაჯოზე მდგარიყვნენ ისეთი გმირები, რომლებიც დღესდღეობით თქვენ ხართ ჩვენთვის. თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ექიმების დაინფიცირების გამო, პასუხისმგებლობას იმ ადამიანებს აკისრებს, რომლებიც 112-ში სასწრაფო დახმარების გამოძახებისას, სიმპტომებს სრულად არ ატყობინებენ. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების შეფასებით საქართველო ვირუსის გავრცელების პიკურ პერიოდში იმყოფება,  სამედიცინო ჯგუფები გამოძახების ადგილზე სპეციალური ეკიპირებით არ მიდიან.

” მნიშვნელოვანია, რომ 112-ში ზარის განხორციელების შემთხვევაში, სრულად ავსახოთ ის ჩივილები რომელიც გვაქვს და აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ  თუ გვაქვს ეჭვი რომ  “კოვიდ-19″-ით ვართ დაავადებული, ასევე, აუცილებელია მივაწოდოთ ინფორმაცია თუ გვაქვს  ტემპერატურა. ასეთ შემთხვევაში ეკიპაჟი მოახდენს სრულად აღჭურვას და  გამოძახების ადგილზე სრულიად უსაფრთხოდ მივა,”- აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული პანდემიის დასასრული. ამასთანავე აღნიშნა, რომ ჩვენ კორონავირუსთან თანაცხოვრება მომდევნო წლებშიც მოგვიწევს.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენ, არც ერთმა ქვეყანამ არ ვიცით ინფექციის თვისება, ეს არის ახალი ინფექცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ერთი ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის ქცევაზე არის დამოკიდებული ის, თუ როდის იქნება საქართველოში პანდემიისა და ეპიდემიის დასასრული.

მკაცრად უნდა დავიცავთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია უკვე რამდენიმე თვეა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემდეგ წლებშიც ჩვენ მოგვიწევს „კოვიდ“ ინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია; მოგვიწევს, რომ ვიაროთ ნიღბებით და დავიცვათ ყველა ის ჰიგიენური ღონისძიება, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ. ყოველივე ამის ხარისხიანად განხორციელება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა მართონ ვირუსის გავრცელების როგორც სისწრაფე, ასევე ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button