გაიხსნას ყველა ბიზნესი და ყველა მოქალაქეს მიეცეს შანსი, შეინახოს ოჯახი – გიგა ბოკერია

ოპოზიცია გარკვეული შეზღუდვების მოხსნას ითხოვს.  განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ გააკეთა:

“ევროპული საქართველო” მოუწოდებს მთავრობას ერთი კვირის შემდეგ, 8 მაისს  გახსნას ეკონომიკა, გახსნას ყველა ბიზნესი და ყველა მოქალაქეს მისცეს შანსი, რომ შეინახოს ოჯახი. იქამდე შეიმუშაოს გონივრული წესები, თითოეული კატეგორიის ბიზნესისთვის. მაგალითად;

პირბადეების ტარება დახურულ სივრცეში,

სოციალური დისტანციის დაცვა და ამ წესების დარღვევებისთვის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჯარიმები და შემდგომი ადეკვატური ქმედებები.

მყისიერად მოხსნას კომენდანტის საათი, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ აქვს.

აღადგინოს ქალაქებს შორის გადაადგილება, რომელიც ასევე დიდ დარტყმას აყენებს ეკონომიკას და შემოიღოს ტესტირების წესი , ყველგან სადაც ინფიცირების ზონაა,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიცია ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, მოხსნას კერძო ავტომობილებთან დაკავშირებული შეზღუდვები და გაიხსნას საჰაერო სივრცე, რადგან ქვეყანაში შემომსვლელებისთვის არსებული სავალდებულო კარანტინი, ვირუსის გავრცელების რისკს ისედაც მინიმუმამდე დაიყვანს.

ბრიფინგზე განცხადება ზურაბ ჭიაბერაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პიკის მოკლევადიანად დადაბლება კარგია, რომ ჯანდაცვის სისტემა უკეთესად მოსამზადებლად, მაგრამ აღნიშნული შეზღუდვები გრძელვადიან პრობლემებს ქმნის.

“ვირუსი კლავს, მაგრამ კლავს სიღარიბეც. ამიტომ სასწორზე დევს სიცოცხლე, როგორც ჯანდაცვის ისე ეკონომიკის მიმართულებით. პიკის დადაბლება კარგია, მაგრამ ეს ამავდროულად ნიშნავს კრიზისის დროში კიდევ უფრო გახანგრძლივებას,  რომელიც გვიგროვებს უამრავ პრობლემას სამომავლოდ,”- განაცხადა   ჭიაბერაშვილმა.

 

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button