მუშევანში კორონავირუსი ათ ადამიანს აქვს დადასტურებული, ადგილობრივებმა კი ექიმებს მათი კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა.

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება რომ კიდევ ერთხელ აუხსნან ვირუსის საფრთხის შესახებ და ამის შემდეგ მისივე თქმით , ინფიცირებული პაციენტები კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

“ჯერჯერობით არავინ არის გადაყვანილი კლინიკაში. დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც ექიმები მივიდნენ ერთ-ერთ ოჯახში, რათა მათი ტრანსპორტირება განეხორციელებინათ. იქ მივიდა ნასვამი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც ემოციები ვერ მოთოკეს და ეს დაპირისპირება გადაიზარდა მათ შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში და ძალის გამოყენებაში ძირითადად ავტომობილების მიმართ. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაზიანება მერიის წარმომადგენელის ავტომობილს მიადგა და სასწრაფო დახმარების მანქანას.

ამ ინციდენტის შემდეგ, სოფელში პოლიცია და სასწრაფო აღარ შესულა პაციენტების გადასაყვანად. ამ ეტაპზე სოფელში მუშაობა მიდის პირველ რიგში ავტორიტეტულ ადამიანებთან, რომლებსაც სიტყვა ეთქმით იქ და რომლებმაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ უნდა აუხსნან, თუ რა რისკებს შეიცავს ეს ვირუსი. ამის მიზანი ის არის, რომ ინფიცირებული ადამიანების გადაყვანა განხორციელდეს საავადმყოფოში,”- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი.

ბოლნისში მოსახლეობა ექიმებს, პოლიციელებს და მერიის წარმომადგენელს დაუპირისპირდა. მედიკოსები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულების გადასაყვანად, გუშინ საღამოს მივიდნენ, სოფლის მოსახლეობამ კი წინააღმდეგობა გაუწია.

“მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა. მსუბუქად არის დაზიანებული ორი სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება“, – აცხადებენ შსს-ში.

მუშევანში ამ დროისათვის, კორონავირუსი 10 ადამიანს აქვს დადასტურებული, თუმცა ისინი ამ დრომდე სოფელში რჩებიან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button