ინფიცირებული მედდა გორის მუნიციპალიტეტში – ეპიდემიოლოგები კარალეთსა და თერგვისში კონტაქტებს იკვლევენ

კორონავირუსი გუშინ  გორის სამხედრო ჰოსპიტლის უმცროს მედდას დაუდასტურდა, მოგვიანებით კი ვირუსი მასთან კონტაქტში მყოფ სამ პირსაც გამოუვლინდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ინფიცირებული ექთნის შვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ინფიცირებულ მედდას კორონავირუსი გეგმური PCR ტესტირებისას აღმოაჩნდა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისიდან არის. მედდის ოჯახის 5 წევრი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ადგილზე დილიდან ეპიდემიოლოგების ჯგუფი მუშაობს. გაფართოვდება თუ არა კონტაქტების წრე, დღეს აღებული ნიმუშების კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

ეპიდემიოლოგები კონტაქტებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთშიც იკვლევენ, სადაც  ინფიცირებული ექთნის მშობლები ცხოვრობენ. არსებული ინფორმაციით, ექთანი 2 დღის წინ მშობლებთან სტუმრად იმყოფებოდა და სოფლის აფთიაქში წამალიც შეიძინა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და  განმარტავენ, რომ ექთანს ჰოსპიტლის მედპერსონალთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, კორონავირუსზე ყველა შემოწმდა, პასუხები უარყოფითია.

შიდა ქართლში ინფიცირებული მედდის დამატებითი კონტაქტების კვლევა ისევ მიმდინარეობს. სოფლის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიუღიათ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button