თვითდასაქმებულებს, ვინც შემოსავლების სამსახურში არიან რეგისტრირებული,კომპენსაციის მისაღებად დამატებითი მტკიცებულების წარდგენა არ დასჭირდებათ – ლაშა ხუციშვილი

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად დამატებითი მტკიცებულების წარდგენა არ დასჭირდებათ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპენსაციის მიღების მიზნით, პირველ ივნისამდე ფიზიკურმა პირმა ჯანდაცვის ელექტრონულ პორტალზე უნდა წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა: სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და საბანკო რეკვიზიტები.

რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირის მიერ ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, ყველა შესაბამის დოკუმენტს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შეისწავლის და თანხის ჩარიცხვა ამის შემდეგ მოხდება.

„მათ შორის არიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებსაც წარდგენილი აქვთ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით. ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ის მეწარმე ფიზიკური პირებიც, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაზრობებზე და წარდგენილი აქვთ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, ან უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით, ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი დადასტურებული იქნება ბაზრობის ორგანიზატორის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციით. ასევე პირები, რომლებიც იხდიან ფიქსირებულ გადასახადს, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც არ ფინანსდებიან ბიუჯეტიდან და შემოსავლების სამსახურში, როგორც მიკრობიზნესი ისე არიან რეგისტრირებული; ინდმეწარმეები, რომლებსაც მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე წარმოდგენილი აქვთ 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ან 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ბრუნვა საკონტროლო სალარო აპარატით” – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button