ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, მსუბუქი ავტომობილებით თავისუფლად გადაადგილება

შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი საქართველოში დღეიდან ძალაშია. უკვე რამდენიმე საათია, ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

პარალელურად, ორი დღით დაშვებულია ტრანსპორტის საქალაქთაშორისო მოძრაობაც. ამავე დროს, სხვა აკრძალვებთან ერთად, ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

დღეიდან ამოქმედდა ყველა ტიპის ონლაინ და საკურიერო მომსახურებაც; გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრები.

თითქმის ორკვირიანი პაუზის შემდეგ, დედაქალაქის და რეგიონების ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ ტაქსებიც. თუმცა, თითოეული მძღოლი ვალდებულია, ეპიდემიოლოგების მითითება მკაცრად დაიცვას.

“შესაძლებელია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ასევე, ტაქსების ოპერირება. დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა, როგორც საბითუმო, ასევე საცალო. გაიხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები. ყველა ეს შემსუბუქება ეხება იმ სუბიექტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ სპეციალურ რეკომენდაციებს.

შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, რომელიც მოქმედებს სპეციალური საკარანტინო რეჟიმით.

27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით,” – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეზღუდვების მოხსნა სულ 6 ეტაპად განხორციელდება. ყოველი მომდევნო ეტაპი ორ კვირაში ერთხელ დაიწყება.

იმ შემთხვევაში კი, თუ COVID – 19-გან გამოწვეული ეპიდემიოლოგიური სურათი მკვეთრად ნეგატიური გახდა, ხელისუფლება გაუქმებულ შეზღუდვებს ხელახლა აამოქმედებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button