აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იდეას, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლოა, სადეზინფექციო საშუალებები იყოს გამოყენებული, ექიმები აკრიტიკებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იდეას, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლოა, სადეზინფექციო საშუალებები იყოს გამოყენებული, ექიმები აკრიტიკებენ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იდეას შესაძლოა, ფატალური შედეგები ჰქონდეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, პულმონოლოგმა, დოქტორმა ვინ გუპტამ, „ენბისი ნიუსს“ განუცხადა, რომ ორგანიზმში რაიმე სახის საწმენდი პროდუქტის შეყვანის ან მოხვედრის ცნება, უპასუხისმგებლო და საშიშია, რადგან ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, როდესაც ამ საშუალებებს ადამიანები თავის მოსაკლავად იყენებენ.

დასავლეთ ვირჯინიის ქალაქ ჩარლსტონის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი, კაშიფ მაჰმუდი „თვითერში“ წერს, რომ როგორც ექიმი, კორონავირუსის წინააღმდეგ ფილტვებში სადეზინფექციო საშუალებების შეყვანას ან სხეულის შიგნით ულტრაიისფერი გამოსხივების გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს.

„არ მიიღოთ სამედიცინო რჩევები ტრამპისგან“ – წერს კაშიფ მაჰმუდი.

სან-ფრანცისკოს საავადმყოფოს ექიმის, ჯონ ბალმესის განცხადებით, მათეთრებლის ორთქლის შესუნთქვამაც კი შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

„მათეთრებლის ან იზოპროპილის სპირტის მსუბუქი შეზავებაც კი საფრთხის შემცველია. ეს სრულიად სასაცილო კონცეფციაა“, – ამბობს, ჯონ ბალმესი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოთქვა მოსაზრება, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შესაძლოა, ვირუსი შეაკავოს. ამავე ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა გამოთქვა ასევე ვარაუდი, რომ ინფიცირებულების მკურნალობა შესაძლოა, ეფექტიანი იყოს ულტრაიისფერი შუქის ან ძლიერი სხივის გამოყენებით.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button