გერმანია მოუწოდებს ჩინეთს, ნათელი მოჰფინოს კორონავირუსის ეპიდემიის გამომწვევ მიზეზებს

გერმანია მოუწოდებს ჩინეთს, ნათელი მოჰფინოს კორონავირუსის ეპიდემიის გამომწვევ მიზეზებს.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრმა, გერდ მიულერმა განაცხადა, რომ „მსოფლიო კრიზისის ფონზე ჩინეთმა უნდა აჩვენოს მაქსიმალური გამჭვირვალობა. განსაკუთრებით, ვირუსის წარმოშობით საკითხთან დაკავშირებით“.

მისი თქმით, აუცილებელია იმ თეორიის განხილვაც, რომ ვირუსი ხელოვნურად, ლაბორატორიაში გაჩნდა და ამ საკითხზე პეკინმა განმარტება უნდა გააკეთოს.

თავის მხრივ, ქალაქ უხანში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, იუან ჩჟიმინმა კატეგორიულად უარყო ეს ვერსია. მისი თქმით, „მეცნიერებმა ზუსტად იციან, რა სახის კვლევები მიმდინარეობს ლაბორატორიაში და როგორ ეპყრობიან მკვლევრები ვირუსებსა და ნიმუშებს“. ჩჟიმინის მტკიცებით, ლაბორატორიის არც ერთი თანამშრომელი არ დაინფიცირებულა​​.

მანამდე ამერიკულმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პირველი პაციენტი უხანის ლაბორატორიის თანამშრომელი იყო.

ვირუსის წარმოშობის დასადგენად დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მარის პეინმა ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლაც მოითხოვა.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩინეთმა განზრახ დამალა ვირუსის შესახებ მონაცემები, მაშინ პეკინმა პასუხი უნდა აგოს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button