ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი სრულდება

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი სრულდება. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.

აღდგომის ტაძრის კარი მხოლოდ 15-მდე პირის თანხლებით გაიხსნა, მათ შორის იყვნენ სამართალდამცველები და სასულიერი პირები.

პანდემიის გამო, ისრაელს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტილი აქვს. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე წელს ვერ ესწრება.

აღდგომის ტაძარში შესვლის უფლება სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენელს მიეცა.

ამასთან, წმინდა ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს თვითმფრინავების დატოვების უფლება არ ექნებათ. მათ ცეცხლს თვითმფრინავში საელჩოების წარმომადგენლები მიაწვდიან.

სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს საქართველოშიც ჩამოიტანს.

ცეცხლს თბილისში გვიან ღამით ელოდებიან. ამავე რეისით საქართველოში ისრაელიდან დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეებიც. თვითმფრინავი თელავივის მიმართულებით 5 საათზე სასულიერო პირებთან ერთად გაემგზავრება, სწორედ მათ გადასცემენ წმინდა ცეცხლს თელავივის აეროპორტში.

“18 აპრილს განხორციელდება მორიგი რეისი თელავივიდან, სამშობლოში დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის მცირეწლოვნები და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები.

აღნიშნულ რეისს პრაქტიკულთან ერთად, სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რამდენადაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საელჩოებისა და “ჯორჯიან ეარვეისის” ძალისხმევით, საქართველოში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს ჩამოაბრძანებენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საქართველოში დღეს 180-მდე მგზავრი დაბრუნდება.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button