საზოგადოება და მრევლი ბრძენია, დასკვნებს გააკეთებენ ვისი პოზიცია უფრო სწორია – სახელმწიფოს ხელმძღვანელების და მედიცინის მუშაკების, თუ სასულიერო პირების, რომლებიც მედიცინის მუშაკებთან დისკუსიაში შევიდნენ – თენგიზ ცერცვაძე

“ქართული საზოგადოება ბრძენია, მრევლიც ბრძენია და დარწმუნებული ვარ, ისინი თვითონ გააკეთებენ დასკვნებს, თუ ვისი პოზიციაა უფრო სწორი, სახელმწიფოს ხელმძღვანელების და მედიცინის მუშაკების, თუ იმ სასულიერო პირების, რომლებიც ამ მედიცინის მუშაკებთან დისკუსიაში შევიდნენ,” – ასე გამოეხმაურა მეუფე იაკობის განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

“პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“თენგიზ ცერცვაძემ ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ გაფრთხილებებს ზედმიწევნით დროული, საჭირო და კორექტული უწოდა.

„ერთი მხრივ ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, ასევე მის ხელმძღვანელებს უდიდეს პატივს ვცემ, როგორც ყველა ქრისტიანი, მაგრამ მეორე მხრივ, ამ განცხადებებს ვერ დავეთანხმები. სამწუხაროა, რომ ასეთი აზრთა სხვადასხვაობაა, სამწუხაროა, რომ არის ასეთი სიტყვიერი შეკამათება, არ დათანხმება. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, ვინაიდან ქართული საზოგადოება ბრძენია, მრევლიც ბრძენია და დარწმუნებული ვარ ისინი თვითონ გააკეთებენ დასკვნებს, თუ ვისი პოზიციაა უფრო მოქალაქეობრივი, უფრო სწორი, სახელმწიფოს ხელმძღვანელების და მედიცინის მუშაკების, თუ იმ სასულიერო პირების, რომლებიც ამ მედიცინის მუშაკებთან დისკუსიაში შევიდნენ.

პირადად ჩემი პოზიციაა ის, რომ ის განცხადებები და ის გაფრთხილებები, რაც მოვისმინეთ და განსაკუთრებით, ბოლო დღეებში ბატონი ამირან გამყრელიძისგან, ბატონი პაატა იმნაძისგან, ქალბატონი ჯანდაცვის მინისტრისგან, ბატონი პრემიერის ადმინისტრაციისგან და სხვებისგან, იყო ზედმიწევნით დროული, საჭირო და კორექტული. ამიტომ, მე მთლიანად ვიზიარებ მათ მიერ არჩეულ სტრატეგიას და ტაქტიკას, რომელიც გულისხმობს თითოეული ქართველის სიცოცხლის მაქსიმალურ გაფრთხილებას ისე, რომ შევინარჩუნოთ პატივისცემა რელიგიის ინსტიტუტებზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button