მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნით ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ  ამ კრიზისულ ფაზაში აუცილებლად დავრჩეთ სახლში და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ გარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობას საყოველთაო კარანტინის გამოცხადება მოუწევს.

„როგორც მრევლთან, ასევე დამსვენებელთან მიმართებით ვიტყვი ერთს – დარჩი სახლში, ნიშნავს დარჩი სახლში.  ჩვენ შევქმენით ვირტუალური სამუშაო ადგილები, ბავშვები არ დადიან სკოლებში, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები სახლში დარჩნენ.

თუ გვინდა, რომ გვქონდეს მზიანი და ბედნიერი ზაფხული, მნიშვნელოვანია ამ კრისიზულ ფაზაში აუცილებლად დავრჩეთ სახლში და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ გარეთ.

სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ გამოაცხადოს საყოველთაო კარანტინი. როდესაც მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნით ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა. ამასთან, ამ მესიჯში დეტალურად იქნება გაწერილი ის საჭიროება, გასვლის მიზანი და ტრაექტორია, რაც გასავლელი აქვთ. როგორც იცით, ჩვენ ვმუშაობთ აპლიკაციაზე და გარკვეულწილად ამ აპლიკაციაში განიხილება ეს კომპონენტი, რადგან მას სხვა ქვეყნები წარმატებულად იყენებენ,“- განაცხადა ტიკარაძემ.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button