“ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია ცეცხლს ვეთამაშებით იცოდეთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  დირექტორი ამირან გამყრელიძე, საზოგადოებას სოციალური დისტანციის მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ადამიანები უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ შექმნილ ვითარებას. ის რომ ერთ დღეში, 30 ახალი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა, უკვე მნიშვნელოვანი სიგნალია. გარდა ამისა, დაინფიცირებულთა შორის 10-მდე მედიკოსია და დღეს  ვირუსი უკვე სასულიერო პირსაც დაუდასტურდა.

“ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ადამიანები ისევ იკრიბებიან , ეს დაუშვებელი, ცეცხლს ვეთამაშებით იცოდეთ, რადგან დაავადებულთა რიცხვი 300- რომ ასცდება, შემდეგ უფრო სწრაფად გაიზრდება ინფიცირების მაჩვენებელი, ამის ნიშანი გუშინ უკვე გვქონდა ჩვენ.”

მისივე თქმით,  მომდევნო 2-3 კვირა ქვეყანაში საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის თვითშეგნებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენები.

“თუ დღეს მოვადუნეთ სოციალური დისტანცია და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, აპრილის ბოლოს, მაისის პირველ რიცხვებში გვექნება რამდენიმე ათასეული შემთხვევა ინფიცირების, მათგან 20-30 %-ს დასჭირდები ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რაც მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და გვექნება დანაკარგებიც.”

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა.

საქართველოში “კოვიდ-19”-ის სრულმასშტაბიანი გავრცელება უკვე დაწყებულია, ფიქსირდება მესამეული, მეოთხეული გადაცემები, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტები ვერ ასახელებენ, თუ საიდან დაინფიცირდნენ.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button