პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მსჯელობს

პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე მსჯელობს. ეს არის ბიუროს პირველი სხდომა, 21 მარტის, ანუ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის და კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ.

ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები ხელისუფლებისგან ანტიკრიზისულ გეგმას და პროცესებში ჩართვას ითხოვს.

პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ თუკი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება აუცილებელი გახდა, ამისთვის მთავრობამ სპეციალური ანგარიში უნდა წარმოადგინოს.

“ბუნებრივია, არ მაქვს უფლება არ დავუჭირო მხარი იმ ღონისძიებებს, რომელიც გააუმჯობესებს ეპიდსიტუაციის კონტროლის შესაძლებლობებს. მაგრამ, თუკი პირველ ეტაპზე, ჩვენმა ფრაქციამ, ისევე როგორც სხვა საპარლამენტო ფრაქციებმა უპირობოდ დავუჭირეთ მხარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მე ვფიქრობ, მეორე ეტაპზე თუკი დადგა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობა, ჩვენ დაგვჭირდება დეტალური ანგარიში,“ – პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

ხელისუფლებისგან ანტიკრიზისული გეგმის დაუყოვნებლივ წარმოდგენას ითხოვს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.

“დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა, რომელშიც იქნება ორი მთავარი რამ. პირველი – ბიუჯეტი, სადაც იქნება მიზნობრივი დახმარება სახლში ჩაკეტილი ყველა ოჯახისადმი,  ფულადი, სასურსათო. მეორე – უნდა იოს წარმოდგენილი ბიზნესის გადარჩენის გეგმა,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ბიუროს სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე,მ გიგი წერეთელმა.

“ქვეყანა დღეს სადაც უფრო დიდი გავრცელებაა, ცდილობს რაღაცები გახსნას, შეარბილოს და ჩვენთან ორი დღის წინ უზარმაზარი ქსელი დაიკეტა, მეც ვერ გავიგე რატომ და რატომ დარჩა  ათას 200 ადამიანი უმუშევარი. რას ვუკეთებთ ადამიანებს, რითი ვამართლებთ იმას, რომ ისინი არიან ასეთ მძიმე კარანტინისა თუ საგანგებო მდგომარეობის პირობებში,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრის, ირმა ინაშვილის თქმით, ისეთი ქვეყანა როგორიც საქართველოა, მსგავს ჩაკეტილობას ვერ გაუძლებს და ქვეყნის ეკონომიკა ძალიან დაზარალდება. მისი თქმით, ეკონომიკის მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

“თან ვეუბნებით იჯექი სახლში და თან არავის არ აქვს დანაზოგი. რა გააკეთონ ამ ოჯახებმა? ჩვენი მაჟორიტარების ან ჩვენი მიტანილი პაკეტი ეყოფა ამ ხალხს?“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ  კომპანიების დახურვა ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას ხელს უშლის.

“ეს კომპანიები იმიტომ იკეტება დროებით, რომ მალე გაიხსნას. თორემ გავხსნით  ხვალ და მერე იძულებულები გავხდებით დავკეტოთ სექტემბრამდე ან ოქტომბრამდე, ან წლის ბოლომდე. ამის გააზრება რთული რატომაა ვერ ვხვდები,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button