ინფექციურმა საავადმყოფომ ის პრეპარატი დაასახელა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტურია

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ ტოცილიზუმაბი პირველად გამოიყენეს ეფექტურად.

ამის მაგალითად ინფექციურ საავადმყოფოს Facebook-ზე განთავსებულ ინფორმაციაში კონკრეტული მაგალითი მოჰყავს.კერძოდ, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში 25 მარტს შევიდა პაციენტი – ე.ბ., 41 წლის ქალი, COVID-19-ის დიაგნოზით (პაციენტი მანამდე ბინაზე მკურნალობდა სამი დღის განმავლობაში).

კლინიკაში შესვლის დროს პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მოთავსდა რეანიმაციის ბლოკში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

სწორედ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება ტოცილიზუმაბის გამოყენების თაობაზე. პროტოკოლის მიხედვით გაკეთდა პრეპარატის ორჯერადი გადასხმა 12-საათიანი ინტერვალით, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა და ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა.

ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მოკლე დროში შესაძლებელი იქნება მისი კლინიკიდან ბინაზე გაწერა, (SARS-CoV-2 ზე პჯრ კვლევით ორი უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ).

„ეს შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა ტოცილიზუმაბის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ ტოცილიზუმაბი შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით“, – აღნიშნავენ კლინიკის ხელმძღვანელები.

ამასთან, ინფექციურის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება კლინიკური კვლევები COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტის დასადგენად. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იმედისმომცემი სწორედ Tocilizumab-ია (Actemra), „რომელიც წარმოადგენს მონოკლონურ ანტისხეულებს IL-6-ის მიმართ და შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ე.წ. „ციტოკინურ შტორმზე“, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს COVID-19-ის პათოგენეზში და ამ გზით გააუმჯობესოს დაავადების გამოსავალი.

„2020 წლის 26 მარტს აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გასცა რეკომენდაცია (approval) ტოცილიზუმაბის COVID-19-ით პაციენტებში კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაზე.საქართველოში ტოცილიზუმაბი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის (მოზრდილებში) და იუვენილური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები და შეზღუდვები და მისი არასწორი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა. ამიტომ ტოცილიზუმაბის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით პაციენტებში, როდესაც სხვა მედიკამენტებით მკურნალობა ნაკლებეფექტიანია. ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი დონის კლინიკებში, გამოცდილი სპეციალისტების გადაწყვეტილებით და მეთვალყურეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 9 ადამიანით გაიზარდა და სულ 242 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 60-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button