დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები 50 თეთრად გაიყიდება – ნათია თურნავა

ქართული წარმოების პირბადეები უკვე გაყიდვაშია. დღეიდან სააფთიაქო ქსელებში მათი ფასი 50 თეთრი იქნება.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით ორი  დღეა საჭირო იმისათვის, რომ  აღნიშნული პროდუქცია წამყვან სააფთიაქო ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდეს.

„დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გავუშვით, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე. დაახლოებით ორი დღე იქნება საჭირო, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით განაწილდეს წამყვან სააფთიაქო ქსელებში პირბადეები. აქ საუბარი გვაქვს „ავერსზე“, „ფარმადეპოზე“, „პეესპეზე“ და „ჯიპისიზე“, ეს ოთხი ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენი პირბადეების განაწილება და მოსახლეობისთვის მიწოდება. ყველაზე გვიან, შაბათ დღეს ამ აფთიაქებში იქნება შესაძლებელი მრავალჯერადი, ქართული წარმოების პირბადეების შეძენა“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, პარალელურად, აფთიაქებში გაიყიდება სხვა წარმოების, კომერციული პირბადეები, რომელსაც შეიძლება განსხვავებული ფასები ჰქონდეს, ასევე იმპორტული პირბადეები.
„ადამიანებს შეუძლიათ, თავისუფლად მოიკითხონ დოლბანდის პირბადე და ეს იქნება სწორედ ის პირბადე, რომელიც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში იწარმოება და 50 თეთრად იქნება ხელმისაწვდომი.

ვინაიდან, მარნეულსა და ბოლნისის ზონაში და ახლა უკვე ვანის მუნიციპალიტეტში არის განსხვავებული ეპიდსიტუაცია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღეს დღის პირველ ნახევარში სწორედ ამ რეგიონებში სააფთიქო ქსელებს მიეწოდოს ეს პირბადეები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button