შიდა ქართლში 146 ადამიანი თვითიზოლაციაშია, ლუგარის ლაბორატორიაში 28 მათგანის ანალიზს იკვლევენ

შიდა ქართლში ლუგარის ლაბორატორიიდან 28 ტესტის პასუხს ელოდებიან. აქედან  ოთხი ანალიზი  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მცხოვრები პირებისაა, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის ძმასთან ჰქონდათ კონტაქტი.

ამ ეტაპზე, სოფელ რუისში 80-მდე პირი თვითიზოლაციაში  იმყოფება. მთლიანად  შიდა ქართლის რეგიონში კი -146 მოქალაქეა ყურადღების ქვეშ.

თვითიზოლაციაში მყოფ მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები უწევენ ზედამხედველობას.

როგორც შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ეკა ქორჩაშვილი აცხადებს, რეგიონის მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

„შიდა ქართლში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებზე ეპიდზედამხედველობა. ადგილობრივი მუნიციპალური სამსახური, კერძოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ზედამხედველობას უწევენ თვითიზოლაციაში მყოფ მოსახლეობას. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მათთან დაკავშირება, ტელეფონით კომუნიკაცია და კვირაში ერთხელ ხდება ადგილზე მონიტორინგი.

რაც შეეხება რუისის შემთხვევას, თვითიზოლაციაში იმყოფებიან პირები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს, აკეთებს ამ მოსახლეობის თერმოსკრინინგს, გვატყობინებენ სიმპტომების გამოვლენის შესახებ ინფორმაციას. გუშინაც იყო შეტყობინება და თვითიზოლაციაში მყოფი სამი პირის ნიმუში ავიღეთ, სამივე ნეგატიურია. ასევე დღეს ავიღეთ ოთხი ნიმუში და ველოდებით ამ ნიმუშების პასუხს. არა მარტო ქარელის, არამედ მთელი შიდა ქართლის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button