საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება აღარ იარსებებს.

„მატროსოვის ე.წ. ციხე, ნომერ მეცხრე პენიტენციური დაწესებულება, მისი შენობა, ვინც ამ შენობას იცნობს, არის ძალიან მოძველებული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ამას პირველ რიგში ალბათ თავად პატიმრები იტყვიან ან ისინი, ვინც ამ ციხეში ერთხელ მაინც ყოფილა, თუნდაც ადვოკატის სტატუსით შესული.

ჩვენ შარშან უკვე დავგეგმეთ ამ ციხის ლიკვიდაციის პროცესი, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის. სწორედ პატიმრების ინტერესიდან და ადამიანის უფლებების პრიორიტეტიდან გამომდინარე. რუსთავში, ნომერ მეთორმეტე და ნომერ მეთექვსმეტე პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და გაცილებით უკეთესი შედარებაც კი არ შეიძლება ნომერ მეცხრე დაწესებულებასთან შედარებით.
გუშინ მოხდა ეტაპირება ყველა ბრალდებულის თუ მსჯავრდებული, ვინც ნომერ მეცხრე დაწესებულებაში იმყოფებოდა. ორ ეტაპად იქნა გადაყვანილი ამ ახალ კორპუსში და გამოცემულია მარტის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება ნომერ მეცხრე დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პირველ მაისს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მაისიდან მეცხრე  დაწესებულება შეუერთდება ნომერ მეთორმეტე დაწესებულებას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button