პაატა იმნაძე – ღიად ვამბობთ, რომ ქვეყანაში არის კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე დაუდგენელი შემთხვევა  არსებობს, რაც რა თქმა უნდა, ვირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხეს ზრდის.

„დაუდგენელი შემთხვევები რომ ნაღმი იყო ქვეყნებისთვის, ეს აჩვენა ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ. ამას ღიად ვამბობთ – რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით. ამ კითხვაზე ერთი ასეთი პასუხი გამახსენდა, ფრინველის გრიპი რომ იყო, ჟირინოვსკი გამოვიდა რუსეთის ტელევიზიით და თქვა, რომ რუსეთის საზღვრებზე სარაკეტო ძალები დავაყენოთო და ყველა გადამფრენი ფრინველი ჩამოვაგდოთო. ჩემი პასუხი ეს არის“ , – განაცხად პაატა იმნაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მოახლოვებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით, მოქალაქეების მასობრივი შეკრების რისკებზე. იმნაძე მორწმუნეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ეკლესიაში მისვლისგან.

“ჩვენ დღეს რა რჩევებსაც ვიძლევით, ამის ეფექტი გამოჩნდება 2 კვირის შემდეგ. ჩვენ დროს უნდა ვუსწრებდეთ წინ, ჩვენი აკრძალვებით. აქედან გამომდინარე, მე მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა მივმართო მრევლს – დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით და სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგან. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button