დონალდ ტრამპი – “ვერ ვიქნებით ბედნიერი, როდესაც ამდენი ადამიანი იღუპება, თუმცა ვიქნებით ძალიან ამაყი იმ სამუშაოთი, რომელიც შევასრულეთ”

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნიუ იორკში გარდაცვლილთა რაოდენობა ნაკლები იყო წინა დღესთან შედარებით, რაც ამ დროისთვის პირველი კლებაა და კარგი ნიშანია.

„ნიუ იორკი და ნიუ ჯერსი ნამდვილად იქცნენ ცხელ წერტილებად. თუმცა პირველად ნიუ იორკში გარდაცვლილთა რაოდენობა ნაკლები იყო წინა დღესთან შეფარდებით. ეს პირველი კლებაა ამ დროისთვის. ალბათ, ეს კარგი ნიშანია. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ცხელ წერტილებში კლებას ვხედავთ. ამას მომავალ რამდენიმე დღეში ვნახავთ. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა ჩვენ გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ. რაღაც ხდება. გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და იმედი მაქვს, რომ არცთუ შორეულ მომავალში, ჩვენ ვიამაყებთ შესრულებული სამუშაოთი. ვერ ვიქნებით ბედნიერი, როდესაც ამდენი ადამიანი იღუპება, თუმცა ვიქნებით ძალიან ამაყი იმ სამუშაოთი, რომელიც შევასრულეთ, რათა გარდაცვალების რაოდენობა აბსოლუტურ მინიმუმზე დაგვეყვანა“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კოვიდ-19 ოფიციალურად დადასტურებული აქვს 350 ათასამდე ადამიანს, გარდაცვლილთა რაოდენობა 10 ათასს აჭარბებს. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 711 ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შეაფასა დადებითად კორონავირუსის მკურნალობისთვის მედიკამენტ „ჰიდროქსიქლოროქინის“ გამოყენება.

ერთ-ერთმა რეპორტიორმა კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრს, ექიმ ენტონი ფაუჩის ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ის აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით, რა დროსაც პრეზიდენტმა შეაწყვეტინა და ექსპერტს საუბრის დაწყების საშუალება არ მისცა.დონალდ ტრამპის განცხადებით, ფაუჩიმ ამ შეკითხვას უკვე არაერთხელ უპასუხა. „იცით, რამდენჯერ უპასუხა მან ამ შეკითხვას? ალბათ 15 ჯერ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტის კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებას საჯაროდ უჭერს მხარს. მისი მრჩევლები სამედიცინო საკითხებში აღნიშნულ საკითხზე თავშეკავებულები არიან და აღნიშნავენ, რომ არ არსებობს კვლევები, რომლებიც ამ მოსაზრებას მტკიცედ დაადასტურებდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button