საკმაოდ რთული და მძიმე იქნება აპრილის თვე და შესაძლებელია მაისის პირველი ნახევარიც – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების კიდევ უფრო ზრდა მოსალოდნელია.

მისი თქმით, აპრილი ამ მხრივ საკმაოდ მძიმე თვე იქნება და შესაძლებელია, მაისის პირველი ნახევარიც.

„ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. გამოვიყენე “პრეკრიტიკული”, “პრეკრიზისული,” და სხვადასხვა ტერმინოლოგია. ისიც ვთქვი დაახლოებით ათი დღის წინ, რომ შევდივართ ამ სტადიაში, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება სამწუხაროდ ეს თვე და შესაძლებელია კიდევ მაისიც, პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევებისა იქნება. შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად „გაიწელა“, ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება. ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. დაახლოებით მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ოთხი მართვით სუნთქვაზეა, 23-ს კი პნევმონია აქვს.

„გვყავს ოთხი პაციენტი, ვინც არის მართვით სუნთქვაზე. გვყავს ავადმყოფები, რომელთაგან 23 აქვს პნევმონია. იმედი მაქვს, პნევმონიით ყველა ავადმყოფი გამოჯანმრთელდება და ასე როგორც შევძელით, რამდენიმე შემთხვევაში მართვითი სუნთქვიდან მოხსნა და გამოჯანმრთელება, მაქსიმალურად საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, ექიმები და სამედიცინო პერსონალი ეცდებიან, რომ საქართველოში მინიმუმამდე იყოს ფატალური შემთხვევები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button