ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ორიოდე თვეში “აგარის შაქრის” ქარხანა ჩადგეს მწყობრში – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერ – მინისტრისგან ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს დაევალათ, ამთავითვე დავიწყოთ მუშაობა პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე, ანუ ეკონომიკის აღორძინებაზე, მას შემდეგ, რაც იმედია სწრაფად, ეფექტიანად დავამარცხებთ კორონავირუსის გამოწვევას.

მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა, რომელიც უმკლავდება გლობალურ გამოწვევას, ახალ კორონავირუსს.

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილია იმით, რომ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს და სწორედ ამიტომაც ვართ ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფო, რომელიც უმკლავდება ამ გლობალურ გამოწვევას, კორონავირუსს. ეკონომიკას რაც შეეხება, აქაც ასე მოვიქცევით და მართალია, ჯერ კიდევ ვირუსთან ბრძოლის შუა ეტაპზე ვართ, პრეკრიზისულ პერიოდში, მაგრამ მზად უნდა შევხვდეთ ეტაპს, როდესაც დავამარცხებთ ვირუსს და დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას, რომ კვლავ ამოიქოქოს, მიაღწიოს წინა ნიშნულებს, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალების თანახმად, ამ გეგმაში ავსახავთ და ავამოქმედებთ ყველა უკვე არსებულ ბერკეტს, იქნება ეს პროგრამა „აწარმოე საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც ახლა მაგალითად, პირბადეებს ვკერავთ, სხვადასხვა სადეზინფექციო და სამედიცინო დაცვის საშუალებებს ვაწარმოებთ და ასე სწრაფად ვრეაგირებთ ვითარებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისთრის თქმით, მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იქნება ქართული წარმოების განვითარება და იმპორტის ჩანაცვლება. თურნავამ „აგარის შაქრის“ ამუშავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ინვესტორთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან მუშაობა შედგა.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც დღეს ცნობილი გახდა, ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი ადგილობრივი ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების აღორძინებისა, ეს არის „აგარის შაქრის” კომბინატი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი რესურსით და მხოლოდ ამ ერთი წარმოების მუშაობის განახლებით, თითქმის 50 პროცენტამდე, საკუთარი რესურსით უზრუნველვყოთ ჩვენი ბაზრის მოთხოვნა შაქარზე. ვიმუშავეთ ინვესტორებთან, ამ კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მზად ვართ, დავიწყოთ განახლება, დავიწყოთ ამაზე მუშაობა ისე, რომ ორიოდე თვეში ეს ქარხანა ჩადგეს მწყობრში. ყველაფერთან ერთად, ეს ნიშნავს 500-ზე მეტი დასაქმებულის პრობლემის გადაწყვეტას, რადგან ეს ადამიანები დასაქმდებიან და 500-ზე მეტი ოჯახი მიიღებს აქედან შემოსავალს. უახლოეს დღეებში მე და ჩემი კოლეგა, ლევან დავითაშვილი ვესტუმრებით საწარმოს, ადგილზე გავეცნობით, თუ როგორ წავა განახლებისა და სარემონტო სამუშაოები“, – განაცხადა ნათია თურნავამ და აღნიშნა, რომ მსგავსი მაგალითები მრავლად იქნება.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button