რუსთავში ინფიცირებულთა წრე შესაძლოა, კიდევ გაფართოვდეს – თვითიზოლაციაში ათობით ადამიანი იმყოფება

“კოვიდ-19”-ით ინფიცირებული საკრებულოს დეპუტატის და მისი მშობლების კონტაქტები უკვე შესწავლილია. თვითიზოლაციაშია რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის რუსთავის საკრებულოს თანამშრომლებიც არიან. მიზეზი 27 მარტს გამართული საკრებულოს კომისიის სხდომა გახდა, რომელსაც ინფიცირებული დეპუტატიც ესწრებოდა.

“კოვიდ-19”-ზე შეამოწმებენ რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეუღლეს და შვილებსაც. უკვე მკურნალობს დეპუტატის დედა, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. ამ დრომდე, თვითიზოლაციაში არიან კომპანია “მაგთიკომის” ტექნიკური სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც ოჯახმა სახლში გამოიძახა.

ცნობილია, რომ საკრებულოს დეპუტატი, საქველმოქმედო აქციაშიც მონაწილეობდა და მოსახლეობას სამედიცინო ნიღბებს ურიგებდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ეკლესიაში სისტემატიური ყოფნის და ზიარების შესახებ, ამას ტაძრის წინამძღვარი არ ადასტურებს.

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რისკის ქვეშ ბევრი ადამიანი იმყოფება და არის იმის შანსი, რომ რუსთავში ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდოს.

რუსთავის საკრებულოს დეპუტატი, თავდაპირველად მამამისთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

თუ საკრებულოს წევრთან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსი დაუდგინდებათ, იმისათვის, კოვიდ-19-ის მასიური გავრცელება არ მოხდეს, სავარაუდოდ,  ქალაქი რუსთავი  დაიკეტება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button