პოლონეთიდან სამშობლოში მოქალაქეები უკვე დაბრუნდნენ – დღესვე, კიდევ ერთი სპეცრეისი ბერლინიდან შესრულდება

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, დღეს  ვარშავა-თბილისის რეისი შესრულდა, რომელიც საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის შემდეგ, რიგით მეხუთეა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფრენები ხორციელდება ქართული და პოლონური მხარის თანამშრომლობით და წარმოადგენს უპრეცედენტო შემთხვევას, მას შემდეგ, რაც პოლონეთმა საერთაშორისო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა.

პოლონეთიდან დაბრუნებულმა მგზავრებმა თერმოსკრინინგი გაიარეს. მათ 2 კვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

პოლონეთში კვლავ რჩება მოქალაქეების ნაწილი, ვინც ვერ მოახერხა სამშობლოში გამომგზავრება, თუმცა როგორც  საქართველოს საელჩოში აცხადებენ, მათთან საელჩო ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს კომუნიკაციას.

„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ღამეს სისტემატიურად ათენებს ვარშავის აეროპორტში. საელჩოში შემოსული ყველა შეტყობინება მსგავსი შემთხვევების შესახებ არ დარჩენილა რეაგირების გარეშე და ყველა მათგანი გადაყვანილია საელჩოს მიერ ნაქირავებ საცხოვრებელში.

ამ ეტაპზე, საელჩომ თავშესაფრით უზრუნველყო 300-მდე მოქალაქე და აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა მათი ყველა ყოფითი პრობლემა, სამშობლოში გამომგზავრებამდე, დროულად გადაიჭრას

დღესვე სრულდება კიდევ ერთი რეისი, რომლის საშულებითაც სამშობლოში, საქართველოს 180 მოქალაქე ბერლინიდან დაბრუნდება.

უახლოესი დღეების განმავლობაში შესრულდება გეგმური ფრენა ლონდონიდან; 7 აპრილს ათენიდან; 10 აპრილს – ლარნაკადან; 12 აპრილს – ბერლინიდან; 14 აპრილს – კი ამსტერდამიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში მაღალია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. განხორციელებული რეისებით სარგებლობა სხვა ქალაქებში მყოფ პირებსაც შეეძლებათ.

“ამ ქვეყნებში მაღალია საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა. გარდა ამისა, ამავე რეისებით ისარგებლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმყოფებიან და მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჩავიდნენ როგორც ვარშავაში, ისე ბერლინში და გამოემგზავრონ სამშობლოში. ამავე რეისით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები, ხანდაზმულები, ფეხმძიმე ქალბატონები და მცირეწლოვანი ბავშვები,”- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button