ინფექციური საავადმყოფოს 19 პაციენტის კორონავირუსზე პირველადი ტესტირების შედეგი ნეგატიურია

ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 32 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კლინიკიდან კიდევ ერთი პაციენტი გაეწერა, მძიმე პაციენტების მდგომარეობა კი უცვლელია.

„დაგვემატა კიდევ 1 ახალი მძიმე პაციენტი, რომელიც როცა შემოვიდა იყო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება, მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. ამ ოთხიდან ორი გვყავს კრიტიკული, სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს 2 ახალი პაციენტი ჰყავს, რომლებიც ერთ-ერთი იმ დაავადებულის კონტაქტები არიან, ვისი ინფიცირების წყაროც დაუდგენელია.

ამასთან, კლინიკის 19 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, რომლის შედეგიც ნეგატიური აღმოჩნდა. თუ ეს შედეგი განმეორებითი ტესტირების დროსაც განმეორდება, მათ კლინიკიდან გაწერენ.

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 22 ადამიანი განიკურნა.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button