კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ამერიკა ლიდერობს – ინფიცირების შემთხვევები 140 ათასს აჭარბებს

კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობით  შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც ვირუსი 142 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. COVID-19 მა ქვეყანაში 2 488 ადამიანი იმსხვერპლა.

სოციალური დისტანციის წესების დარღვევის შემთხვევაში ქალაქ ნიუ-იორკის მოსახლეობას საჯარიმო სანქციები დაუწესდებათ. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდა.

ამერიკის პრეზიდენტის ვარაუდით, ვირუსი პიკს ორ კვირაში მიაღწევს, რა დროსაც გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება. მისივე თქმით, თუ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე მეტი არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისმა ადმინისტრაციამ „მაგრად იმუშავა“.

დონალდ ტრამპი პარალელურად მედიას ურჩევს, იყოს პოზიტიური. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ტელეკომპანია „პიბიესის“ (PBS) ჟურნალისტ იამიჩე ალსინდორს მიმართა:

„ადამიანებო, რატომ არ იქცევით ცოტა უფრო პოზიტიურად? ყოველთვის ცდილობთ გამოჭერას, გამოჭერას, გამოჭერას. სწორედ ამიტომ აღარავინ ენდობა მედიას… ამიტომ მუშაობდით თქვენ „თაიმსისთვის“ და ახლა სხვისთვის მუშაობთ. ნება მომეცით, გითხრათ რაღაც… იყავით კეთილი. ნუ იმუქრებით“, – მიმართა ტრამპმა რეპორტიორს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს  მოაწერა ხელი. დოკუმენტი კორონავირუსით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ორი ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

გეგმის მიხედვით, აშშ-ის ზრდასრული მოქალაქეების უმეტესობა დახმარების სახით სახელმწიფოსგან 1200 დოლარს მიიღებს. მთავრობა ასევე დაეხმარება დაზარალებულ ბიზნესს და სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს. ოჯახები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 150 000 დოლარზე ნაკლებია, სახელმწიფოსგან 2400 დოლარს და დამატებით თითოეულ ბავშვზე 500 დოლარს მიიღებენ.

აშშ-ის პრეზიდენტი  მიიჩნევს, რომ ნიუ იორკში კარანტინის გამოცხადება აუცილებელი არ იქნება. როგორც მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ეს გადაწყვეტილება მან თეთრ სახლში შექმნილი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის რეკომენდაციით მიიღო.

კარანტინის ნაცვლად, აშშ-ის პრეზიდენტმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს სთხოვა, ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტში გადაადგილებისგან თავის შეკავების მკაცრი რეკომენდაცია გასცეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული სამი შტატის მოსახლეობას, 14 დღის განმავლობაში განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩია.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button