გორის სამხედრო ჰოსპიტალში “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულ 13 პაციენტს მკურნალობენ , მათგან ოთხს ვირუსი დღეს დაუდასტურდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დადასტურდა. როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ათი ნიმუშიდან დადებითი პასუხი ოთხ ტესტზე მოვიდა.

გორის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ოთხივე ინფიცირებული თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირია.

ამ დროისთვის, ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული სულ 13 პაციენტი იმყოფება.

ექიმების ინფორმაციით, შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანილი 65 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ცხელება და პნევმონია აქვს.

საქართველოში “კოვიდ-19”-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 18 გამოჯანმრთელებულია. ამ დროისთვის, ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4978 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button