საქართველოს მასშტაბით, 21 საათიდან დილის 6 საათამდე ე.წ კომენდანტის საათი ცხადდება

საქართველოში კარანტინი ცხადდება. პრემიერმა გიორგი გახარიამ, განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე გააკეთა.

“ქვეყანაში უკვე ოფიციალურად 100 შემთხვევაა დადასტურებული და მიუხედავად იმისა, რომ საბედნიეროდ გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების ზრდა არის შემაშფოთებელი…ჩვენ სამ შემთხვევაში არ გვყავს პირველწყარო, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდა გადაცემა დაწყებულია”- განაცხადა გახარიამ.

დღემდე სამწუხაროდ, ყველა მოქალაქეს ბოლომდე არ აქვს გათვითცნობიერებული მდგომარეობის სიმძიმე და რისკები.

„ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული პროცესები და რეგიონებში რამდენიმე ვიზიტი ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, ყველა ჩვენს მოქალაქეს ბოლომდე გათვითცნობიერებული არ აქვს სიმძიმე მდგომარეობისა და ის რისკები, რაც შეიძლება, არსებობდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე, ვინც გადაადგილდება თბილისის ან რომელიმე სხვა ქალაქის ქუჩებში; თითოეული მოქალაქის წინაშე, რომელიც აკეთებს ყოველდღიურ საქმიანობას და ვერც წარმოუდგენია, რამდენად მაღალი რისკის შემცველი შეიძლება, იყოს მისი ყოველდღიური ცხოვრების წესის გაგრძელება ისე, როგორც ეს იყო ადრე“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. აღნიშნული დროის მონაკვეთში, იკრძალება ნებისმიერი  მოქალაქისა თუ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება. ამ დროის განმავლობაში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები.

კარანტინის პირობებში, იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა გარდა სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა, სადაც რეკომენდებული დისტანცია და ნორმები აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

31 მარტის დილის 8 საათიდან, ნებისმიერმა მოქალაქემ ქუჩაში გადაადგილებისას,  თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ასევე, იკრძალება 70 წელს გადაცილებული ადამიანების სახლიდან გასვლა. მარტოხელა მოხუცების დახმარების ვალდებულება აქვს ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა  და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

სიტუაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გააკონტროლებენ და “დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურები მიიღებენ შესაბამის ზომებს”-აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს ჩართულობას, მოეწყობა საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისსა და გორში. განხორციელდება მოქალაქეების შემოწმება და თერმოკონტროლი.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით, ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 23 მარტს კი, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

აღნიშნული აკრძალვები, ხვალ დილის 8 საათიდან შევა ძალაში.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button