პენიტენციური დაწესებულებების 780 თანამშრომელი მომდევნო კვირის განმავლობაში საპატიმროების შენობებში იცხოვრებს – თეა წულუკიანი

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პენიტენციური დაწესებულებების 780 თანამშრომელი მომდევნო კვირის განმავლობაში საპატიმროების შენობებში იცხოვრებს. განცხადება თეა წულუკიანმა გააკეთა.

„როგორც ვნახეთ, ვირუსი ახალ ეტაპზე გადავიდა და ჩვენც გადავდივართ მასთან ბრძოლის ახალ ფაზაში. შესაბამისად, საქართველოს საპატიმროებიც გადადის მართვის ახალ ეტაპზე. კერძოდ, ჩვენ ის მოდელი შევიმუშავეთ, რომელიც საპატიმროების სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. შერჩეულ იქნა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე, სადაც ჩვეულებრივ დროს მუშაობენ, ანუ პერიმეტრის შიგნით. ისინი მომდევნო კვირის განმავლობაში აღარ წავლენ შინ.

780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში, ამ ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიების დატოვების გარეშე იმისთვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს იმის განცდა არ ჰქონდეთ, რომ გარედან რომელიღაც ინსპექტორ-კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შეტანას შიგნით. ეს არის უჩვეულო, უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც გადადგა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნულ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

მინისტრის განცხადებით თანამშრომლებს გაეწევათ ფინანსური შეღავათი, რათა , მათი მუშაობის ამგვარი განსაკუთრებული რეჟიმი, ნაწილობრივ მაინც დაკომპენსირდეს. წულუკიანმა აგრეთვე  მადლობა გადაუხადა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობას, რადგან წარმოუდგენელი ტემპით, ორ დღეში მოხდა საყაზარმე სივრცეების აღჭურვა და საძინებლების მოწყობა  თანამშრომლებისთვის.

მინისტრმა პატიმრებსაც მიმართა და სთხოვა, გაუფრთხილდნენ 780 თანამშრომელს, პატივი სცენ მათ და თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის შეურაცხყოფისგან, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დათანხმდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე, არაერთი დღით მუდმივ რეჟიმში ცხოვრებას.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button