ბოლო 24 საათის განმავლობაში, შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ბოლო 24 საათში უწყებამ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოავლინა. განცხადება დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

„96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. სამი იურიდიული, ხოლო რვა ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა ხუთი პირი. ხოლო, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე დაჯარიმდა 13 პირი.

“საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, დაწესებულია სხვადასხვა შეზღუდვები, მათ შორის:

• აიკრძალა საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება;

• იმ ობიექტებში, რომელთა მუშაობაც არ შეჩერებულა, დადგინდა 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება;

• მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა;

• დაწესდა შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე

• აიკრძალა საკარანტინო ზონების თვითნებური დატოვება.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button