90 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა და ქვეყანა, შესაძლო ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე

დღის ბოლოს, “კოვიდ-19”-ის კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დაიცვან სოციალური დისტანცია და დარჩნენ სახლში. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი შეიძლება გახდეს უმართავი, როგორც იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

“შეიძლება ეს გადავიდეს უმართავ პროცესებში, როგორც მოხდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, გაცილებით ძლიერები ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო. ამის რეალური საშიშროება ქვეყანაში არის. სოციალური დისტანცირება არის ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი ეპიდემიებთან ბრძოლის. უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ ორი თვე და ვიყოთ სახლებში”, — თქვა გამყრელიძემ.

მდგომარეობას ის ართულებს, რომ როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ ორი დაავადებულის შემთხვევაში, ინფექციის პირველწყაროს ვერ მიაგნეს.

“ძალიან მაღალი ალბათობით, გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. არის ეს ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის ნიშანი და არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედოთ დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის უკვე ქვეყანაში და ის უკვე სხვას გადასდებს. ამიტომ, თვითონ ეს ფაქტია უკვე ძალიან საყურადღებო და ვიტყოდი საგანგაშო,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და რისკჯგუფში მყოფი სხვა პირები.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 16-მა პაციენტმა უკვე დატოვა კლინიკა .

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button