ხუნდაძე არ გამორიცხავს, რომ აღდგომამდე ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს

მთავრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის ზომების მიღებაზე უკვე მსჯელობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე მთავარ გავლენას მოახდენს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა და მოსახლეობის დაუმორჩილებლობა, თუკი ისინი არ დაემორჩილებიან საგანგებო რეჟიმის მოთხოვნებს.

„თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნება და ეპიდვითარება გართულდება, დღის წესრიგში დადგება საყოველთაო კარანტინის შემოღების საკითხი. მინდა გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მან არ გამორიცხა ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია აღდგომის დღესასწაულამდეც მიიღონ.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4505 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button