„შესაძლოა დაგვჭირდეს მასიური იზოლაცია ან მასიურ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა”- დიმიტრი ხუნდაძე

უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს და პანიკის საფუძველი არ არსებობს. თუმცა, თუკი ეპიდსიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა მასიურ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა გახდეს საჭირო.

„შესაძლოა დაგვჭირდეს მასიური იზოლაცია ან მასიურ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა, თუ ეპიდვითარება უარესობისკენ შეიცვალა და ასევე, ეს დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე“ – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი განმარტებით დედაქალაქი განიტვირთა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იმის გამო, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ოჯახებში არის დარჩენილი და გარეთ გამოსვლას ერიდება. არამედ იმიტომ, რომ უდიდესი ნაწილი რაიონებს დაუბრუნდა.

“ამას აქვს თავისი კარგი მხარე, მაგრამ შეიმჩნევა, რომ ე.წ. სოფლის ბირჟებზე სიმჭიდროვე გაიზარდა. ასევე, რაიონებში, სადაც არის მრავალბინიანი კორპუსები, შეინიშნება მოქალაქეების სიჭარბე. ეს, არის ხიფათის შემცველი. რეკომენდაციებს თუ არ ვასრულებთ, ვეთამაშებით ცეცხლს. თუ ჩვენ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შესაძლოა მარნეულისა და ბოლნისის ვითარება მივიღოთ სადმე და მაშინ, საჭირო გახდება მასობრივი ღონისძიების ჩატარება. ჩვენ ორი მიმართულება გვაქვს, ერთი – დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე, ვეცადოთ, რომ ეკონომიკამ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღოს, რომ არ განვითარდეს შეუქცევადი პროცესები” -აცხადებს ხუნდაძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button