მარნეულსა და ბოლნისში ისევ მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, საზოგადოებრივ წესრიგს ჯარი და შსს იცავს

მარნეულსა და ბოლნისში ისევ მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, საზოგადოებრივ წესრიგს ჯარი და შსს იცავს.

სამართალდამცველები სოფლების შიდა გზებზეც პატრულირებენ და ხალხმრავლობის პრევენციას აკონტროლებენ. მიმდინარეობს სხვადასხვა ფორმით მოსახლეობის ინფორმირება. გრძელდება დეზინფექცია და სამედცინო კონტროლი, წითელ ზონაში პირბადეებიც ჩაიტანეს.

„ქრონიკის“ სპეციალური კორესპონდენტის, დავით ყურაშვილის ინფორმაციით, ბოლნისში, დღეს დაიწყო სურსათის მარაგების შევსება და იქ 25 ტონა ფქვილი უკვე ჩაიტანეს.

მისივე თქმით, ქალაქში ძალიან ბევრი ადამიანია ჩარჩენილი. „ისინი აქ არ არიან ჩაწერილები და აქ ჩამოვიდნენ ან მეუღლეებთან ან ახლობლებთან, თუმცა ისინი მკაცრად და პატიოსნად იცავენ წესებს“-აღნიშნავს დათო ყურაშვილი.

მისივე თქმით, დღეს ექიმებმა სოფელ ნახიდურში თითო ექიმმა 200-ზე მეტი ადამიანის გასინჯვა მოახერხა და ამ დროისთვის ორსული ქალის გარდა, კორონავირუსი არავის დაუდასტურდა.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button