“დღეიდან ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდება , გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში”- თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეიდან ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები, გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა.

თავდაცვის სამინისტრო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილ ხუთ ჯარისკაცთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და მედიას ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

“მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით გვინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში პანდემიის პირობებში, თავდაცვის ძალები ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, როგორც ჯარში ასევე ზოგადად საზოგადოებაში. ჯარში, სპეციალური ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოები და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება-მონიტორინგი.”

აღსანიშნავია ისიც, რომ ამიერიდან სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და გორის სამხედრო ჰოსპიტალი გაავრცელებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button