გორის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს მკურნალობენ, 65 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ ღამით რესპუბლიკური საავადმყოფოდან კორონავირუსის ინფექციით ერთი პაციენტი გადმოიყვანეს. ამ დროისთვის, ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული სამი პაციენტი იმყოფება. ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოყვანილი 65-წლამდე მამაკაცის მდგომარეობა შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს და ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

ამასთან, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ოთხი ნიმუშიდან ყველა უარყოფითია.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში სულ 46 პირი რჩება, აქედან 34 სამხედროა.

„ორი პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი მიმდინარეობის, ხოლო მესამე, რომელიც გადმოყვანილია გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოდან, შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს და იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. არის მაღალი ცხელება, ზოგადი სისუსტე,  65წლამდეა. მისი მკურნალობა ხორციელდება კლინიკური საბჭოს გადაწყვეტილებით. ისტორია არის ამერიკა, თვითიზოლაციიდან მოხვდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და სოციალური დისტანცია მის შემთხვევაში იყო დაცული.

საქართველოში “კოვიდ-19”-ის სულ 77 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 10-მა მოქალაქემ ინფექცია უკვე დაამარცხა.

კარანტინში 4346 პირი იმყოფება, სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი – 247.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button