მთელს მსოფლიოში ხდება ეროვნული ვალუტების გაუფასურება…ცხადია ჩვენც ვერ შევეწინააღმდეგებით მსოფლიო ტენდენციას – ნათია თურნავა

კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა, რომელმაც პირველ რიგში ეკონომიკას დაარტყა. ჩვენ ირგვლივ, სამეზობლოში, ასევე სხვა ქვეყნებში, ეროვნული ვალუტები სწრაფად უფასურდება, არასწორი და უპასუხისმგებლო იქნება მტკიცება, რომ ჩვენ შევძლებთ, მსოფლიო ტენდენციას შევეწინააღმდეგოთ, ვერ შევძლებდით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

„ლარიც აჰყვა ამ საერთო დინამიკას და როგორც მთელს მსოფლიოში ხდება ეროვნული ვალუტების გაუფასურება იმის გამო, რომ ვაჭრობა, ტურიზმი შეწყდა, ეს აისახა ლარის კურსზეც. რაც შეგვიძლია და ვაკეთებთ კიდეც, ეს არის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის ლარის კურსის გაუფასურების ზემოქმედების შემცირება. იცით, რომ პირველ რიგში, ჩვენ ცხრა დასახელების სასურსათო საქონელი შევარჩიეთ, რომლის ფასების ზრდა გადავაზღვიეთ, არ ხდება და ამას ვამონიტორინგებთ. ამ შემთხვევაში, ამ პროდუქტის ფასებზე ლარის გაუფასურება არ აისახება. ბუნებრივია, არ შეგვიძლია, ამ პროდუქტების დასახელება 100-მდე გავზარდოთ. ეს სერიოზულ რესურსებთან იქნება დაკავშირებული, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, მოცემულ ვითარებაში, საქართველოს მთავრობამ სწორი პრიორიტეტი შეარჩია.

„ჩვენ სწორი პრიორიტეტები შევარჩიეთ, ეს ცხრა პირველადი მოხმარების სასურსათო საქონელი, რომელიც სასურსათო კალათაში ძალიან მნიშვნელოვანია, მათზე ფასები არ გაიზრდება“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიებას ატარებენ, მათ შორის სოლიდური ინტერვენციებით დოლარში.

„ბუნებრივია, ამ ეტაპზე რთულია უკან წამოვიყვანოთ ეს დინამიკა და დავუბრუნოთ ერთი თვის წინანდელ ნიშნულს. გახსოვთ, რამდენად ჯანსაღად იქცეოდა ლარი მაშინ. ეროვნული ბანკის შემაკავებელი სტრატეგია ამ შემთხვევაშიც ეფექტს მოახდენს და ზრდის ტემპი იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე ამის გარეშე იქნებოდა. მომავალშიც ვიზრუნებთ, რომ ზემოქმედება ლარის კურსის ცვლილებებიდან გამომდინარე იყოს შერბილებული“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრი იმპორტიორებს მოუწოდებს, ნუ იჩქარებენ განცხადებების გაკეთებას, რათა არ შექმნან უფრო მეტად ნეგატიური მოლოდინები.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button