მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ცხადდება

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ცხადდება – მთავრობის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამისი მიზეზი გახდა კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალი, რომლის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

„დღეს გვქონდა რთული შემთხვევა – მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალი, რომლის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, ეს ის შემთხვევაა რომლისთვისაც ვემზადებოდით რომ დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90-მდე კონტაქტი, თუმცა პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს შექმნილ სიტუაციაში „ბევრს არაფერს ნიშნავს“.

„სიტუაცია არის რთული და ეს არის ის ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და ამისთვის მაქსიმალურად ვართ მომზადებულები. თუმცა, ჩვენი მზადყოფნის მიუხედავად, სიტუაცია საკმაოდ რთულია და დღეს საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე. დღეიდან ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა იკრძალება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button