საგანგებო მდგომარეობის დროს იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც – ნინო ლომჯარია

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში რელიგიური შეკრებების შეზღუდვის საკითხს საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება.

როგორც ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც:

“საზოგადოების ინფორმირებულობისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი”, რომელიც პანდემია-ეპიდემიების დროს მოქმედებს, აცხადებს, რომ:
“მუხლი 5.1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია:

ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;

გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;

დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები;…”
შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაცია, რომ პანდემიის დროს ყველამ უნდა დაიცვან სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, შესასრულებლად საგანგებო მდგომარეობის დროსაც და მის გარეშეც არის სავალდებულო ყველასთვის, ფიზიკური პირებისთვისაც და ორგანიზაციებისთვისაც, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციებისთვის. ამ მუხლით შეიზღუდა და გაჩერდა მთელი რიგი დაწესებულებების საქმიანობა საქართველოში. ამ წესების დარღვევა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სახელმწიფო რელიგიური რიტუალების ან წესების ცვლილებას ვერ მოახდენს, თუმცა რელიგიური ორგანიზაციები არიან ვალდებულები ამ პროცესში არ განახორციელონ იმგვარი მოქმედება, რაც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს რისკებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ამ დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც,” – წერს ნინო ლომჯარია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button