კორონავირუსის ახალი კლასტერი – რომანოვების სამგლოვიარო სუფრას თბილისში, რამდენიმე ადამიანის დაინფიცირება მოჰყვა

მოსკოვიდან თბილისში სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად რუსეთის 3 მოქალაქე 11 მარტს ჩამოფრინდა. ქართველ ახლობლებთან ერთად ისინი იმყოფებოდნენ თელავში, შემდეგ თბილისში და რამდენიმე ადგილზე დედაქალაქში, მათ შორის სამებაშიც.

ჯერჯერობით უცნობია, თელავში  კონკრეტულად სად იმყოფებოდნენ სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი სტუმრები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 11 მარტს თბილისში, სასტუმრო „ვინოტელში“ სამგლოვიარო პროცესიაზე მოიყარეს თავი.

ამავე სუფრაზე იმყოფებოდა 80 წლის ქალბატონი, რომელსაც გუშინ კორონა ვირუსი დაუდგინდა და 40 დაინფიცირებულ პაციენტთა შორის ყველაზე მძიმეა. მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. სუფრაზე მყოფი 200-ზე მეტი ადამიანი იდენტიფიცირებულია და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

ბოლო ცნობით, კორონა ვირუსით დაინფიცირებულია სასტუმრო “ვინოტელის”  მფლობელი და მისი მეუღლე, რომლებიც სხვა სტუმრებთან ერთად სამგლოვიარო ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.

სუფრაზე მყოფი  ადამიანები იდენტიფიცირებული არიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. საუბარია 238 ადამიანზე.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ სუფრაზე იმყოფებოდა, იდენტიფიცირებულია და თვითიზოლაციაში არიან. ამასთან, მიმდინარეობს მონიტორინგი და დაკვირვება. “

ამ დრომდე უცნობია ვის ჰქონდა ვირუსი, რუსეთიდან ჩამოსულ პირებს, თუ რომელიმე მიწვეულ  სტუმარს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ამ კლასტერის 238 ადამიანზე მიმდინარეობს დაკვირვება. მისივე განცხადებით, „ამჟამად ამ კონკრეტულ ჯგუფზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.“

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამ კლასტერის წარმომადგენლების ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 31 მარტს იწურება. მოსალოდნელია, რომ ვირუსი ამ ჯგუფის და რისკის ქვეშ მყოფ სხვა პირებსაც დაუდგინდებათ.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button