ხვალიდან საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდება, სპეცრეისით შემოსული ყველა მოქალაქე კი საკარანტინო ზონაში გადავა – ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოში ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა, შესრულდება მხოლოდ სპეცრეისები. ამის შესახებ მედიას კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ამასთან, საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინე ზონაში იქნება გადაყვანილი.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინირებული საქართველოს მთავრობასთან.

აქვე, მინდა ხაზი გავუსვა და გაცნობოთ, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში – თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინე ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. შესაბამისი პროცედურების გათვალსიწინებით იქნება მათ მიმართ გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button