საქართველოს მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელის, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღო. ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა დაიხურება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინ გასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, რათა ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვა და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას.

„ახლა გადავდივართ შიდა გავრცელების ეტაპზე. ჩვენ თავის დროზე შევწყვიტეთ საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა, შევწყვიტეთ სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დავხურეთ საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ რისკის შემცველი ვირუსის გარედან იმპორტის თვალსაზრისით. დღეს სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ იწყება შიდა გავრცელების ეტაპი, ამიტომ იძულებული ვართ, გადავდგათ გამკაცრების შემდგომი ნაბიჯები. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, რათა ვირუსის გავრცელების ტემპი მაქსიმალურად შევამციროთ და სამედიცინო სექტორის მივცეთ საშუალება, ეფექტურად და სწრაფად შეძლოს ინფიცირებულების გამოჯანმრთელება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button