ხვალიდან საქართველოს მასშტაბით, მიკროავტობუსების მომსახურება დროებით ჩერდება – კახა კალაძე

15:05, 17.03.2020

საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, ხვალიდან დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი – მეტრო და ავტობუსები მოემსახურება.

„როგორც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა უკვე აცნობა, ხვალიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება. მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სატრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომეტებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.

იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მუნიციპალური ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, „თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ მინიმალური შემოსავალის გარეშე.

მისივე ინფორმაციით, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები.

„რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ასევე, ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button