კახა კალაძე: მოხალისეებს წითელი ჯვარი გადაამზადებს, მსურველებმა მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადები, ნებისმიერმა ახალგაზრდამ, ვისაც მოხალისება სურს, მერიის ცხელი ხაზის ნომერზე უნდა დარეკოს. მისი განმარტებით, სურვილი საჭიროებს სწორად რეალიზებას და არ შეიძლება იმის დაშვება, რომ არასწორმა ქმედებებმა ვირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი, ამიტომ მოხალისეებს წითელი ჯვარი გადაამზადებს.

“რაც არ უნდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, როგორ უნდა დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ მათ პრობლემას კი არ მოვუხსნით, გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანაი მოხალისეების უსაფრთხოება”, — განაცხადა მან.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტის განცხადებით, ტრენინგები დღეში ორჯერ ჩატარდება და მხოლოდ გადამზადების შემდეგ ექნებათ მსურველებს შესაძლებლობა, სხვადასხვა საქმიანობაში ჩაერთონ. გარდა ამისა, მისი თქმით, WHO-ს რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიმუშვეს საინფორმაციო მასალა, რომელსაც მოხალისეებთან ერთად ავრცელებენ.

მოხალისეების თემასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში პროცესში ჩართვის ინიციატივა გაჩნდა. ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები აცხადებენ, რომ თბილისის მერიას სასადილოების ბენეფიციარების მომსახურებაში დაეხმარებიან. ევროპული საქართველო კი ამბობს, რომ მზად არიან, 70 წელს გადაცილებულ, რისკ ჯგუფის ხანდაზმულებს საქართველოს მასშტაბით დახმარება გაუწიონ. კალაძის თქმით, პოლიტიკური ორიენტაციის განურჩევლად, ყველა მოხალისემ მერიის ცხელ ხახზე უნდა დარეკოს.

⚫ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები

18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 38 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია. ამასთან, დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 216.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 800-1000-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს. ინფიცირების რისკის ზრდის შემთხვევაში, მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი. პარლამენტი განიხილავს, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევა დასჯადი გახდეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button