გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 55 ადამიანი იმყოფება

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში დღეისთვის 55 პირი იმყოფება, აქედან 14 სამხედრო მოსამსახურე და 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 55-დან 35 პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გუშინ გადმოიყვანეს.

6 საეჭვო ნიმუში დღეს გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ პირებს ძირითადად დაბალი ტემპერატურული რეაქცია და ხველა აღენიშნებათ, თუმცა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღემდე ლუგარის ლაბორატორიაში 31 ნიმუში გადაიგზავნა და ყველა უარყოფითია.

„ჰოსპიტალი მუშაობს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად. გუშინ მივიღეთ ახალი ნაკადი. ისინი პირდაპირ აეროპორტიდან გადმოიყვანეს და შემხებლობაში არავისთან ყოფილან. 6 პირის ნიმუშია საეჭვო და პასუხი ხვალ გვეცოდინება. მათ მსუბუქი სიმპტომატიკა აქვთ. გუშინაც 4 ნიმუში გავგზავნეთ და არც ერთ შემთხვევაში covid 19 არ დადასტურდა“, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. ერთი პაციენტი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button