კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება

კორონავირუსის პარალელურად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა იზოლაციის წესების დარღვევა. ყოველდღიურად ვლინდება თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები, რის გამოც  აღნიშნული პროცესების გასაკონტროლებლად პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო. დღევანდელი მონაცემებით, იძულებით კარანტინში 71 ადამიანია გადაყვანილი.

ახლა კი, როდესაც ინფექციის უფრო ფართოდ გავრცელების ეტაპზე გადავდივართ და შიდა გადადების შემთხვევებია მოსალოდნელი, იზოლაციაში მყოფთა კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება და ის საკანონმდებლო დონეზე მოხდება.

მზად არის საპარლამენტო უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იზოლაციის წესების დამრღვევს, ფინანსური სანქციები დაეკისრება.

აღნიშნული მიზეზით, კარანტინის წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება . გათვალისწინებულია, არა მხოლოდ სოლიდური ფულადი ჯარიმა, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ვინც არ გამოიჩენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას და არ დაემორჩილება კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს, მისი ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ფიზიკურ პირს მოუწევს 3000 ლარის , ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნული ქმედება განმეორდება, გათვალიწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა – შიდა პატიმრობა 6 თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების ერთი წლით აღკვეთა, რაც გამოიწვევს პირის ნასამართლეობას.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button