კორონავირუსის ვაქცინა ადამიანზე გამოსცადეს (ვიდეო)

ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში მდებარე კაიზერ პერმანენტეს ჯანდაცვის კვლევით ინსტიტუტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კოდური სახელწოდებით mRNA-1273 ადამიანებზე გამოსცადეს. “ამერიკის ხმის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევის ფარგლებში, COVID-19-ის ვაქცინით პირველი 43 წლის ჯენიფერ ჰალერი აცრეს.

ტესტირების საწყის ეტაპში მონაწილეობას 45 ახალგაზრდა, ჯანმრთელი მოხალისე მიიღებს. ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს მიერ აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით შექმნილ ვაქცინას მათ ორგანიზმში სხვადასხვა დოზით შეიყვანენ. სპეციალისტების თქმით, გამოცდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პრეპარატის წარმოებაში ჩაშვებისთვის 12-დან 18 თვემდე ვადა იქნება საჭირო.

“ექსპერიმენტის მონაწილეების კორონავირუსით ინფიცირება გამორიცხულია, ვინაიდან სატესტო ნიმუშები ვირუსს არ შეიცავს. გამოცდის მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ აქვს, რის შემდეგაც მისი ფართომასშტაბიანი ტესტირება იქნება შესაძლებელი”, – აცხადებენ მკვლევარები.

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ადრეული სიმპტომები სურდო, ხველება და გართულებული სუნთქვაა. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 1-დან 24 დღემდეა, რაც მასთან ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.

ჩინეთში 80 ათასზე მეტი ადამიანის დაავადების შემდეგ, ახალი შემთხვევების მკვეთრი კლება აღინიშნება. მის საზღვრებს გარეთ პანდემიის ყველაზე დიდი კერები ირანსა და იტალიაშია. ეს უკანასკნელი ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიმოსვლა შეზღუდა და 60 მილიონი მოქალაქე კარანტინში მოათავსა.

დაავადებულთა რიცხვი დიდია ასევე სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სულ მსოფლიოს 160 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 170 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 6 ათასს აჭარბებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button