ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს თუ არა ეპიდემიის რისკი – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა, რომ ხვალ საღამოს ცნობილი გახდება, არსებობს თუ არა ქვეყანაში ეპიდემიის რისკი.

სავარაუდოდ ეჭვს კორონავირუსით დაინფიცირებული ის პაციენტი ქმნის, რომელსაც ჯერჯერობით უცნობია ინფექცია ვისგან გადაედო. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პაციენტი დაინფიცირების წყაროს ვერ ასახელებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სისტემა ჯერ კიდევ არის იმის მოლოდინში, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და აქედან გამომდინარე, მთავრობა პრევენციული ღონისძიებების გატარებას აგრძელებს.

„ცუდი სცენარის შემთხვევაში გვქონდა გარკვეული რისკები, რომ მესამე კვირას პიკი გვექნებოდა, მაგრამ ეფექტური მართვის შედეგად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პიკური პერიოდი შევძელით და გადავავადეთ. ჩვენი მხრიდან მიღწეულია პირველი მიზანი, რომელიც დასახული იყო იანვრის თვიდან, რომ ინფექციის საქართველოში გავრცელება რაც შეიძლება, ნელა და გვიან მომხდარიყო.

ჯანდაცვის სამინისტრო თავის მხრივ, აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის სრულ მობილიზებას, რომ დაზღვეული იყოს ყველა სარისკო მდგომარეობა, მოვახდინოთ ვირუსთან ეფექტური გამკლავება და დროული, სათანადო ზრუნვა ყველა იმ პაციენტზე, რომელიც დაფიქსირდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

„ნამდვილად დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ დღესდღეობით, მთავრობის მუშაობა ეფექტურია. ის 24-საათიან რეჟიმშია გადასული და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რგოლიც ასევე ეფექტურად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში, არის წამყვანი. იმისთვის, რომ პიკური პერიოდი გადავავადოთ, ან გვქონდეს პლატო და შესაბამისად, გეგმური პაციენტების რაოდენობა, გვესაჭიროება, ჩვენმა მოქალაქეებმაც მაღალი ხარისხით შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია, როგორც სავალდებულო რჩევა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

“ჩვენი თანამემამულეები თვითიზოლაციისა და კარანტინის წესებს თუ დაარღვევენ, გვაქვს ძალიან დიდი რისკი, რომ უკვე შიდა გავრცელება მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრები ჩაკეტილია, გვყავს ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან და შესაბამისად, პირველ რიგში, ველოდებით ამ საკარანტინო ზონებში სიმპტომების გამოვლენას.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შემდგომი რისკი, რომელიც შეიძლება, დადგეს, არის მხოლოდ და მხოლოდ ის რისკი, თუ თვითიზოლაციაში, ან კარანტინში მყოფი ჩვენი თანამემამულეები წესებს არ დაემორჩილებიან.

„თუ ისინი თვითიზოლაციის და კარანტინის წესებს დაარღვევენ, ამ შემთხვევაში გვაქვს ძალიან დიდი რისკი, რომ უკვე შიდა გავრცელებები მოხდება. მოქალაქეთა რიცხვი, რომელიც დღეს შიდა იზოლაციასა და კარანტინში იმყოფება, ათასს აღემატება. ათასი მოქალაქის დაუმორჩილებლობა და რისკის შემთხვევაში მათ მიერ გავრცელებული ინფექცია კი, რა თქმა უნდა, უკვე რთული სამართავი იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button