უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. ქადაგიძის არჩევის შემდეგ პარლამენტში საქართველოს ჰიმნიც შესრულდა.

კითხვაზე, თავისუფალია თუ არა სასამართლო გავლენებისგან და მცდელობის შემთხვევაში, რას მოიმოქმედებს, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მისი მიზანია, დაიცვას ნებისმიერი კოლეგა ნებისმიერი გავლენისგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

„როცა გავაცნობიერე, რა თანამდებობას ვიკავებდი, ჩემი ძირითადი მიზანი იყო, დავიცვა ნებისმიერი ჩემი კოლეგა ნებისმიერი გავლენისგან, ეს ზეგავლენა და ზემოქმედება ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. თუ ზეწოლის ფაქტი იქნება, საზოგადოებას პირობას ვაძლევ, რომ მათთვის ეს ინფორმაცია მიწოდებული იქნება.

ჩვენი პირველი მიზანია, რომ ავამაღლოთ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა. გარკვეული პრობლემები შეიძლება კანონმდებლობის თვალსაზრისით იყო, რაც ამ კითხვებს ბადებდა, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციით იმდენად მაღალი სტანდარტია მოსამართლეებისთვის შექმნილი, რომ თითოეული მოსამართლე გავლენებისგან კანონით არის დაცული. ჩვენ ახლა ვყალიბდებით, როგორც სასამართლო და გარკვეულ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. არ გვქონდა დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოება ყოველწლიურად უფრო მაღალი ხარისხის მართლმსაჯულებას მიიღებს“ ,- განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს 10 წლის ვადით დაიკავებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button