უახლოეს დღეებში კორონავირუსით დაინფიცირების ისეთი შემთხვევები გვექნება, როცა ვერ მოხდება პირველწყაროს დადგენა – ამირან გამყრელიძე

დღეის მდგომარეობით საქართველოში, კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, ბოლო პაციენტის დაინფიცირების წყარო უახლოეს ხანში დადგინდება. ვინაიდან ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც შუა ხნის ქალია, ბევრი კონტაქტი ვლინდება, რასაც ამ დრომდე იკვლევენ.

„ძალიან ღრმა ეპიდკვლევას ვაწარმოებთ 20-იდან 25-მდე კონტაქტზე, იმედი მაქვს, წყარო დადგინდება, თუ საიდან მოხდა ამ ადამიანის დაინფიცირება. ამიტომ, ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე.

სპეციალისტები უახლოეს დღეებში, დაინფიცირების მომატებულ შემთხვევებს ვარაუდობენ და აცხადებენ ,რომ სრულ მზადყოფნაში არიან. ამირან გამყრელიძის თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შეამცირონ შემთხვევების სწრაფი ზრდის ალბათობა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით ე.წ. შეკავების ფაზაში, ორთვენახევარია, საქართველო ებრძვის ამ ინფექციას, და გარკვეულად შევაკავეთ, რომ არ გადავედით ფართო გავრცელების ფაზაში. ამ დრომდე ყველა შემთხვევის წყარო ვიცით, საიდან შემოვიდა, ვის გადაედო. როდესაც გაჩნდება ავადმყოფი სადმე, რომელიმე ამბულატორიულ დაწესებულებაში ტემპერატურით, ან კლინიკაში ტემპერატურით, რომელიც არ ყოფილა არც ესპანეთში, არც საფრანგეთში, არც ევროპაში და დაუდგინდება კორონავირუსული ინფექცია, როცა ვერ გაიხსენებს ან ვერ გვეტყვის ვისთან იყო კონტაქტში, რომელიმე საეჭვო პერსონასთან, მაშინ ვამბობთ, რომ არის მეოთხეული გადაცემა. ეს დღეს ჯერ არ ფიქსირდება. მაშინ იწყება ე.წ. ფართო გავრცელება, რომელიც არის ძირითადად პირველი შემთხვევის დადგენიდან მესამე, მეოთხე კვირაში და მერე მიდის ინფექციის ზრდა.

ჩვენ არ ვაშინებთ მოსახლეობას, მაგრამ ყოველთვის ვაფრთხილებთ და ვამბობთ რომ შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შევამციროთ ალბათობა შემთხვევების სწრაფი ზრდისა ქვეყანაში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button