სამთო კურორტების დაკეტვა ჩეხ მოქალაქეს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამთო კურორტების დაკეტვა ჩეხ მოქალაქეს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსი საკუთარ ქვეყანაში დაუდგინდა.
ტიკარაძის ინფორმაციით, ტურისტის დიაგნოსტირება ჩეხეთში მოხდა.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურისტმა სრულად მიაწოდა ქართულ მხარეს იმ მარშუტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მან სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გაიარა.

“ჩეხ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, 8 მარტს გამოუვლინდა სიმპტომები. ამის შემდეგ ის დაბრუნდა სამშობლოში, სადაც მას კორონავირუსი დაუდგინდა. ის დაუკავშირდა ჩვენს საელჩოს და მოგვაწოდა ინფორმაცია თავისი დიაგნოზის შესახებ. ამის გამო გადავწყვიტეთ, სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები დავაწესეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მისი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა ფაქტი და სრულად აღწერა ის მარშრუტი, რომელიც მან გაიარა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ეს მნიშნველოვნად დაეხმარა ჩვენს ოპერატიულ სამსახურს, რომელმაც გუშინ გამოავლინა ყველა ის პირი, ვისთანაც ჩეხ ტურისტს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე იზოლირებულია 30 პირი, სამ მათგანს გამოხატული სიმპტომატიკა აქვს. მიმდინარეობს კონტაქტების დამატებითი შესწავლა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

“მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და ვუთხრა, რომ თუ ისინი ამ პერიოდში იმყოფებოდნენ გუდაურში, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათ აუცილებლად შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი. ეს დაავადება გადაეცემა ადამიანს, როდესაც მას აქვს ინფიცირებულთან სულ მცირე 15-წუთიანი ინტენსიური კონტაქტი და პიროვნებასთან დაშორება 1 მეტრზე ნაკლებია. დანარჩენ შემთხვევებში ადამიანი რისკ ჯგუფში ვერ მოხვდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button